ფეხბურთი

16:26 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "თუ საჭირო იქნება, "ლილთან" სათამაშოდ მანქანით წავალთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, სეზონის ბოლომდე ის გუნდში დარჩება და იმედი გამოთქვა, რომ კლუბი მალე გაიყიდება.

„ეჭვგარეშეა, რომ „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე დავრჩები. ვნახოთ, რა მოხდება დღითი დღე, რადგან შეიძლება ცვლილებები იყოს. მოგეხსენებათ, სიტუაცია ნათელია: კლუბი იყიდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოგვარდება და გავიგებთ, რა იქნება მომავალში. თუმცა, ამჟამად, ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია, მე არ მაქვს ამაზე მეტი ინფორმაცია.

„ლილთან“ თამაში? ბოლო ინფორმაციით, რომელიც გვაქვს, საფრანგეთში თვითმფრინავით წავალთ და უკანაც ასევე დავბრუნდებით. თუ ვერ მოხერხდება, მატარებლით წავალთ, თუ არადა, ავტობუსით. თუ ესეც შეუძლებელი იქნება, მზად ვარ, შვიდადგილიანი მანქანით წავიდე. 20 წლის წინ ვინმეს რომ ეკითხა, რას გავაკეთებდი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, ვუპასუხებდი, რომ ყველაფერს ვიზამდი, ოღონდ იქ ვყოფილიყავი.

ჩვენ ყველა თამაშს ვითამაშებთ. ორგანიზაციული თვალსაზრისით მიდის დისკუსია, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რაც მე მეხება. კვალიფიციური პერსონალი გვყავს, რომელიც ამ ასპექტებზე ზრუნავს. კლუბის სტრუქტურა ორგანიზებულია. ასე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურად მიმდინარეობს“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსი“ უახლოეს მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სტუმრად „ლილის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.116426