კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ მას გამარჯვებული არ ეყოლება. რუმინელი სპეციალისტი ფიქრობს იმასაც, რომ საერთაშორისო ტურნირებიდან რუსი სპორტსმენების მოკვეთა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
„რთული სიტუაციები გამოვიარე, 2014 წელსაც გვაიძულეს დონეცკი დაგვეტოვებინა. ახლა, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ჩეფერინის წყალობით მოვახერხეთ უკრაინის დატოვება, მაგრამ ზოგი ჯერ კიდევ იქ არის და ვერ წავიდნენ. არ ვიცი, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. რუსები და უკრაინელები ერთად ძმებივით ცხოვრობდნენ. ეს უფრო პოლიტიკური პრობლემა მგონია, ვიდრე ერების. უკრაინელები ამაყობენ თავიანთი კულტურით. ეს იქნება ხანგრძლივი ომი, რომელშიც ვერავინ გაიმარჯვებს. ვნახეთ, რომ კაცები ტოვებენ ცოლ-შვილს საზღვარზე, საშინელება იყო.
ჩემი აზრით, სპორტს პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო. მე არ ვეთანხმები რუსებისთვის შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილებას. ამ შესაძლებლობის წართმევა არასწორი გადაწყვეტილება იყო. სპორტს მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ დახმარება შეუძლია“, - თქვა ლუჩესკუმ.
შეგახსენებთ, რომ მირჩა ლუჩესკუმ კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დონეცკის „შახტარში“ გაატარა, ამჟამად კი კიევის „დინამოს“ მწვრთნელია. რუმინელს რუსეთშიც უმუშავია, სადაც „ზენიტს“ ავარჯიშებდა.