ფეხბურთი

21:17 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ზედიზედ მეორე მარცხს გადაურჩა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური „დინამო ბათუმისა“ და „საბურთალოს“ მატჩით დაიწყო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ სამი ტური ისე მიილია, ფრე არ იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, ეს არის ჩემპიონატში პირველი მატჩი, რომელშიც გამარჯვებული არ გამოვლინდა.

„საბურთალო“ ორჯერ იგებდა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა ორჯერვე გაათანაბრა და ზედიზედ მეორე მარცხისგან თავი დაიხსნა. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ტურში გორის „დილასთან“ წააგო და ამჯერად 3 ქულას გეგმავდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. უფრო მეტიც, როგორც ვთქვით, წაგებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მოგებასთან.

პირველ ტაიმში ირაკლი სიხარულიძის გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმში შოთა ნონიკაშვილს ირაკლი ბიძინაშვილმა უპასუხა და საბოლოოდ, ფრე - 2:2.

„დინამო ბათუმს“ და „საბურთალოს“ 7-7 ქულა აქვთ და ამ ეტაპზე ლიდერობას იყოფენ, თუმცა, ტურის სხვა მატჩები ჯერ არ გამართულა. ზღვისპირელები მომდევნო შეხვედრას „ლოკომოტივთან“, საბურთალოელები კი „დინამო თბილისთან“ გამართავენ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივის“ მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სიხარულიძე (26), 1:1 ჯოვინო (37), 1:2 შ. ნონიკაშვილი (65), 2:2 ბიძინაშვილი (76)

0.124975