ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ხეტაფესთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ბორხა მაიორალის გაუქმებულ გოლზე კომენტარი გააკეთა, როდესაც მას გიორგი მამარდაშვილის ფეხით დარტყმული ბურთი მოხვდა და გოლი გავიდა. თუმცა, ხელზე და გოლი გაუქმდა.
„თავიდან ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მერე, როცა ვნახე მომენტი, დავინახე, რომ აშკარა ხელი იყო, ამიტომ ეჭვი აღარ მეპარება“, - თქვა ბორდალასმა.
21 წლის ქართველი მეკარის თამაში ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა შეაფასა და დაწერა, რომ სოლიდური თამაში ჰქონდა, გარდა იმ ერთი შეცდომისა, რომელიც მისდა საბედნიეროდ ძვირად არ დაუჯდა.
„იმ საღამოს, როცა ძალიან სოლიდური იყო, მაიორალის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომა, კინაღამ სულელურ გოლად დაუჯდა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, ბორხას ბურთი ხელში მოხვდა და გოლი გაუქმდა. მისი სეივების უმეტესობა მარტივი იყო, მაგრამ ყოველთვის კარგ პოზიციაზე იდგა და უპრობლემოდ ბლოკავდა დარტყმებს. გარდა ამისა, შესვენების წინ კუთხიდან ენეს უნალის ახლო მანძილიდან დარტყმა ახლო კუთხეში ფეხით მოიგერია“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული (11 ლა ლიგაში, 2 თასზე) და კარი მშრალად მეექვსედ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამედ გააკეთა. მან „ხეტაფემდე“ „ბილბაოსთან“ და „მალიორკასთან“ შეძლო კარის ხელუხლებლად შენახვა. მანამდე იგივე გააკეთა 6 თებერვალს „სოსიედადთან“ და ჯერ კიდევ აგვისტოში, „ხეტაფესთან“ და „ალავესთან“.
საგულისხმოა, რომ მამარდაშვილს "ვალენსიას" მეკარეებში ყველაზე მეტი მშრალი თამაში აქვს მიმდინარე სეზონში - 13-დან 6. შედარებისთვის, იასპერ სილესენმა კარი უგოლოდ 15 მატჩიდან მხოლოდ სამში შეინახა, ხოლო ხაუმე დომენეკმა 8 შეხვედრიდან ორჯერ შეძლო გოლგაუშვებლად თამაში.
„ვალენსიას“ ლა ლიგაში 28 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, სტუმრად „ელჩესთან“ ჩაატარებს.