მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესის“ ახალი სარბოლო ავტომობილი W13 გამარჯვებისთვის ჯერ მზად არაა, თუმცა პოტენციალი გააჩნია.
გერმანულ გუნდს კონსტრუქტორთა ბოლო რვა ჩემპიონატი აქვს მოგებული, მისმა პილოტებმა კი მსოფლიო ჩემპიონის შვიდი ტიტული მოიპოვეს. მათგან ექვსი ჰამილტონის ანგარიშზეა.
სამქიმიანებმა ბაჰრეინის ტესტებზე, W13-ის რევოლუციური ვერსია ჩაიტანეს, რომელსაც თითქმის არ აქვს რადიატორების გვერდითი კორპუსები. მაგრამ როგორც ჩანს, ამ მანქანასაც სიჩქარე არ ჰყოფნის.
ბევრი მეტოქე დარწმუნებულია, რომ „მერსედესი“ თავის რეალურ ძალას ტესტებზე გამიზნულად არ აჩვენებს. მაგრამ ჰამილტონმა აღიარა, რომ მანქანას სიჩქარე არ ჰყოფნის და პირველი რბოლებისთვის რამის შეცვლა მოსალოდნელი არაა.
„პერსპექტივებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ გამარჯვებისთვის საბრძლველად მზად არ ვართ. მანქანას პოტენციალი აქვს. მხოლოდ საჭიროა, გარკვეული პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ამაზე უკვე ვზრუნავთ. გასული სეზონის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე კარგ პოზიციაში ვართ, როგორშიც გასული სეზონის დასაწყისში ვიყავით. ტესტებზე პრობლემები მაშინაც გვქონდა, მაგრამ პირველივე რბოლის მოგება შევძელით“, - ამბობს ჰამილტონი.
ბრიტანელი დასძენს, რომ ამჯერად სიტუაცია უფრო რთულადაა და საქმის ერთ კვირაში გამოსწორება ძნელი იქნება. მთავარი ისაა, რომ სიჩქარის მომატების რესურსი არსებობს, რაზეც გუნდი უკვე მუშაობს.
„მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, თავი არავის დაუზოგავს. ვფიქრობ, ერთ კვირაში გაცილებით სწრაფები ვიქნებით. შეიძლება ვინმე გავაოცოთ კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენზე ავად თუ კარგად, ილაპარაკებენ“, - დასძენს ჰამილტონი.