სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ შვედეთის არეში გამრთული გიგანტური სლალომი მოიგო და მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში, ამერიკელ მიკაელა შიფრინთან ჩამორჩენა შეამცირა.
ვლჰოვამ, ვინც სლალომში ოლიმპიური ჩემპიონია, ორი ცდის ჯამში 1.24 წამით აჯობა მეორეზე გასულ იტალიელ მარტა ბასინოს. მესამე ადგილი კი შიფრინმა დაიკავა, ვისაც პირველი ცდის შემდეგ მეექვსე დრო ჰქონდა.
სეზონის დასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე, ვლჰოვა შიფრინს 77 ქულით ჩამორჩება. არადა, არეს რბოლამდე მათ შორის სხვაობა 117 ქულა იყო. დარჩენილი ხუთი რბოლიდან, ჯერ ერთი სლალომია, შემდეგ კი, საფრანგეთის კურშეველში ყველა დისციპლინაში თითო რბოლა ჩატარდება.
ცნობისათვის, ყოველი რბოლის გამარჯვებული 100 ქულას ღებულობს, მეორე ადგილს 80 ქულა ერიცხება, მესამეს კი - 60. სულ ქულებს 30-ე ადგილამდე გასული მოთხილამურეები ღებულობენ.
შიფრინს ბროლის დიდი გლობუსი სამჯერ (2017-19 წლებში) აქვს მოგებული. ვლჰოვამ კი ეს პირველად შარშან შეძლო და გახდა პირველი სლოვაკი მოთხილამურე, ვინც მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში გაიმარჯვა.
შიფრინი თუ მეოთხედაც აიღებს დიდ გლობუსს, ამით სახელოვანი თანაგუნდელის, ლინდსი ვონის მიღწევას გაიმეორებს. რეკორდი კი ავსტრიელ ანემარი მოზერ-პრიოლს ეკუთვნის, ვინც 1970-იან წლებში აბსოლუტურ ჩათვლაში ექვსჯერ გაიმარჯვა.