ავტოსპორტი

0:53 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ბაჰრეინში სენსაციური სიახლე გამოიყენა

ბაჰრეინის ტესტებზე „მერსედესმა“ თავისი სარბოლო ავტომობილის უჩვეულო შეთანწყობის მქონე ვერსია გამოიყვანა. სიახლე ისაა, რომ ავტომობილს რადიატორები გვერდებზე კი არა, კოკპიტის უკან, ზედა ნაწილში აქვს განლაგებული. რადიატორებისთვის ჰაერის ამღებები ისევ გვერდებზეა, მაგრამ მათი გაბარიტები მკვეთრად შემცირდა, რაც ავტომობილის გვერდებში მოძრავი ჰაერის უკეთ განაწილების საშუალებას იძლევა.

რადატორში თავმოყრილი ჰაერი, რომელიც გახურების შემდეგ, კიდევ უფრო ფართოვდება, გარეთ სამი ადგილიდან გამოდის. თითო მხარეს ორი გამოსასვლელი გვერდებზე არსებული ჭრილების სახითაა. გარდა ამისა, არის მესამე გამოსასვლელი, რომელიც ავტომობილის კუდში, გამოსაბოლქვი მილის არეშია.

სხვათა შორის, იანვარში გერმანულ გუნდს პრობლემა შეექმნა ამ ვერსიის ქრეშ ტესტების გავლისას. საქმე ისაა, რომ როდესაც რადიატორის კორპუსი ფაქტობრივად არ არსებობს, მასში უსაფრთხოების ელემენტები, რომელთა დანიშნულებაც, გვერდიდან შეჯახებისას, დარტყმის ძალის შემცირებაა, ეფექტურობას კარგავს. თუმცა სამქიმიანებმა ეს პრობლემაც მოაგვარეს.

„მერსედესმა“ გვერდითა ენერგო შთანმთქმელი ელემენტები უჩვეულო ადგილას განალაგა. ესაა კოკპიტის წინა ნაწილი, დაახლოებით საჭის გასწვრივ არსებული სივრცე. ამ ელემენტებზევე განლაგდა სარკეები.

მათ ტესტებისთვის W13-ის ორი ვერსია მოამზადეს და თავიდანვე ამბობდნენ, რომ სიმულაციისას, რადიატორების უჩვეულო განლაგება უფრო კარგ შედეგებს იძლეოდა. ამის დასტურის მისაღებად, მათ ბაჰრეინში სწორედ ეს ვერსია ჩაიტანეს და როგორც ჩანს, სეზონსაც ამ ავტომობილით დაიწყებენ. თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი ტესტების შედეგების ანალიზის შემდეგ მიიღებს.

საინტერესოა, რომ მსგავსი მიმართულებით წავიდა „უილიამსიც“, რომელმაც ასევე ძალიან მცირე ზომის რადიატორის კორპუსები შეიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ „რედ ბულმა“ უკვე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, რომ ასეთი კონსტრუქცია შესაძლოა, რეგლამენტს არ შეესაბამებოდეს. თუმცა ცნობილია, რომ ყველა კონსტრუქციული სიახლე, FIA-ს მხრიდან საგულდაგულო შესწავლის საგანი ხდება და რეგლამენტთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გუნდს მისი გამოყენების უფლებას არავინ მისცემს.

თეგებიმერსედესი
0.160171