ფეხბურთი

18:34 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოშჩუკის ყოფილი ცოლი: "ტოლიკ, უკრაინელი ბავშვების დახოცვაში შენი წვლილიცაა"

ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელის, ანატოლი ტიმოშჩუკის ყოფილმა მეუღლემ ნადია ნავროცკამ მიმართა და თქვა, რომ უკრაინელი ბავშვების დახოცვაში ბრალი მასაც მიუძღვის.

მოგეხსენებათ, ტიმოშჩუკი ამ დრომდე „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს და უკრაინაში მიმდინარე ომზე დუმს. სწორედ ამიტომ, მას უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ჯილდოების ჩამორთმევას და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 144 მატჩის (რაც რეკორდია) განულებას უპირებს.

„ტოლიკ, შეხედე, ეს ყველანი, ჩვენი, უკრაინელი ბავშვები არიან! ესენი შენი შვილებივით უკრაინელი ბავშვები არიან და მათ ყოველდღე კლავს ის ხალხი, რომელთაც ახლა შენ უკანალში უძვრები. შესაბამისად, ამ ბავშვებს შენც კლავ. ყოველდღე კლავენ უკრაინელ ბავშვებს, როცა შენ დღეში რამდენჯერმე რესტორანში ჭამ და შენს მღვდლებსა და მეძავებსაც აჭმევ. როცა ბიზნესს აწარმოებ, ტანსაცმელს ყიდულობ, მანქანაში საწვავს ასხამ, ყოველდღე უხდი გადასახადებს ღორებს, რომლებიც ამ ფულს რაკეტების შესაძენად იყენებენ, რითაც ჩვენს ბავშვებს ანადგურებენ.

ეს გითხარი 2014 წელსაც. თუმცა, შენ აირჩიე, რომ მთელი ეს წლები გეცხოვრა და საკუთარი შვილების ტანჯვით დამტკბარიყავი. ირგვლივ ყველას უსასრულოდ ატყუებდი. შენ და მამაშენი ამბობდით, რომ სამართლიანობის მომხრე იყავით. მართლა სამართლიანი გგონიათ ჩვენი შვილების ხოცვა? ბოლოს და ბოლოს, შეგეძლო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გემუშავა. რატომ იხდი ყოველდღე ფულს უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში? ერთხელ, სხვა სიგიჟეებთან ერთად ისიც მითხარი, რომ ჯადოქარი ვიყავი. იცოდე, რომ მინდა, ყველა უკრაინელ დედასთან ერთად გისურვო, ყველა იმ ბავშვის სახე ყოველდღე გესიზმრებოდეს, ვინც ამ ომში იღუპება“, - დაწერა ნავროცკამ.

აღსანიშნავია, რომ ნადია ნავროცკასა და ტიმოშჩუკს შორის დიდი ხანია ცუდი ურთიერთობაა. უკრაინელი ქალბატონი წლებია ორ შვილთან ერთად, რომლებიც ტიმოშჩუკისგან ჰყავს, გერმანიაში ცხოვრობს. 2021 წლის შემოდგომაზე მან უკრაინელ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ტიმოშჩუკი მის ცხოვრებაში ყველაზე საშიში ადამიანია, ის საკუთარ შვილებს დაბადების დღესაც კი არ ულოცავს და წლებია ბავშვები აღარ უნახავს.

0.119962