ბრიტანეთის მთავრობამ რუს ბიზნესმენს და „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. მისი აქტივები „გაიყინა.“ ასე რომ, საფეხბურთო კლუბის გაყიდვას ვეღარ შეძლებს - წერს ტვიტერში ჟურნაისტი სტივენ სვაინფორდი.
„ჩელსი“ საგანგებო ლიცენზიას მიიღებს, რომლის თანახმადაც ნებისმიერ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ექნება, მაგრამ არ გაიყიდება. აბრამოვიჩის ბრიტანეთის მთავრობის „შავ სიაში“ მოხვედრას სააგენტო Reuters-იც ადასტურებს.
რუსი ოლიგარქისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, "ჩელსი" ვერ გაყიდის საშინაო მატჩებზე ბილეთებს და მატჩებს მხოლოდ აბონიმენტების მფლობელი ფანები დაესწრებიან. კლუბს აეკრძალა ტრანსფერები (ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა) და თავს მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეინახავს.
„ოლიგარქების ადგილი ჩვენს საზოგადოებასა და ეკონომიკაში არ არის. პუტინთან მჭიდრო კავშირებით ისინი აგრესიის თანამონაწილენი არიან და უკრაინელი ხალხის სისხლი მათ ხელზეცაა. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა და გავაძლიერებთ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას და სახსრებს დავხარჯავთ მისი სასტიკი ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
აქვე გეტყვით, რომ რომან აბრამოვიჩის გარდა, ბრიტანეთის მთავრობამ აქტივები კიდევ ექვს რუს ოლიგარქს გაუყინა.