უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ყოფილ ფეხბურთელ ანატოლი ტიმოშჩუკს უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია სანქციებს დაუწესებს.
ტიმოშჩუკი, რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, რუსული კლუბი არათუ არ დაუტოვებია, არამედ ომთან დაკავშირებით დუმს და რუსეთში ყოფნას აგრძელებს, რამაც სავსებით სამართლიანად უკრაინელების გაღიზიანება გამოიწვია.
UAF-ის დისციპლინური ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტი განიხილავს შემდეგ სანქციებს:
- გააუქმონ ტიმოშჩუკს UAF-ის სალიცენზიო ცენტრის მიერ გაცემული პროფესიული დონის მწვრთნელის ლიცენზია.
- ჩამოერთვას მას ყველა სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება.
- ჩამოერთვას უკრაინის ჩემპიონატის, უკრაინის თასისა და უკრაინის სუპერთასის ყველა ოქროსა და ვერცხლის მედალი, რომელსაც ის ფლობს.
- გაირიცხოს უკრაინის ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა ოფიციალური რეესტრიდან (რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ნაკრებში ჩატარებული 144 მატჩი გაუნულდება).
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ტიმოშჩუკის კარიერა მშობლიურ ლუცკის "ვოლინში" დაიწყო. 1998-2007 წლებში "შახტარში" ითამაშა, 2007-2009 წლებში "ზენიტში", 2019-2013 წლებში "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, 2013-2015 წლებში ისევ "ზენიტში" დაბრუნდა, ხოლო საფეხბურთო კარიერა ყაზახურ "ასტანაში" დაასრულა.