ჩოგბურთი

1:17 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დომინიკ თიმი ინდიან ველსზე და მაიამიში არ ითამაშებს

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, ავსტრიელი დომინიკ თიმი ამბობს, რომ მაჯის გაჭიანურებული ტრავმის გამო, მასტერს 1000-ის ზედიზედ ორ ტურნირს, ინდიან ველსს და მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს. თუმცა ყურადღებას თიხნარის სეზონზე გადაიტანს.

თიმმა ტრავმა გასულ სეზონში, მაიორკას ღია პირველობაზე თამაშისას მიიღო და მას შემდეგ, მის მკურნალობას ცდილობს. 28 წლის ავსტრიელი განსაკუთრებით თიხის კორტებზე კარგი თამაშით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ სურს, რომ თიხნარის სეზონისთვის დაბრუნდეს. სანამ ტრავმას მკურნალობს, თიმი რეიტინგში 50-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. გასულ სეზონში, მან აშშ-ის ღია პირველობაზე, ტიტულის დასაცავად თამაშიც კი ვერ შეძლო.

იყო შანსი, რომ თიმი არგენტინის, ან ბრაზილიის ტურნირებისთვის დაბრუნებოდა კორტს, მაგრამ ეს ვერ შეძლო. მას იმედი ჰქონდა, რომ ინდიან ველსზე ასპარეზობას შეძლებდა. ეს ტურნირი მას 2019 წელს აქვს მოგებული.

„კარგი სავარჯიშო სესიები მქონდა, მაჯა აღარ მაწუხებს. ხელშიც ძალა დამიბრუნდა. მაგრამ ამის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ ინდიან ველსზე და მაიამიში არ მეთამაშა. კორტს თიხნარის სეზონზე დავუბრუნდები, რადგან ასეთ კორტებზე თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ“, - ამბობს თიმი.

თიხნარის სეზონი აპრილში დაიწყება.

0.112285