კალათბურთი

0:59 | 9.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკარიოლო: "შენგელიას ყველაფერი აქვს, რაც გვჭირდებოდა, ჩემი პირველი სამიზნე იყო"

„ვირტუს ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

60 წლის გამოცდილმა სპეციალისტმა გაიხსენა, რომ 2014 წელს „ბასკონიაში“ თორნიკეს ტრანსფერი მისი დამსახურებაა და ძალიან ბედნიერია, რომ ახლა მასთან მუშაობის საშუალება მიეცა.

„შენგელია შესანიშნავი კალათბურთელია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციებზე თამაში და მოედანზე სხვადასხვა საქმის გაკეთება შეუძლია. მას აქვს ხასიათი, გამოცდილება და კონკურენტუნარიანობა, ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ტრავმის გამო ერთი თვე გაჩერებული იყო.

როდესაც დანიელი ჯერ კიდევ აგვარებდა თავის საკითხს ცსკა-სთან, მას ვკითხე თოკოს შესახებ და ვუთხარი, შეეძლო თუ არა მასთან დარეკვა. რა თქმა უნდა, სანამ აქ მოვიდოდა, მეც არაერთხელ ვესაუბრე თოკოს, მაგრამ მისი მდგომარეობა დანიელის სიტუაციისგან ცოტათი განსხვავდებოდა. ჰაკეტი რა თქმა უნდა, დაბრკოლება არ ყოფილა შენგელიას ტრანსფერში (იცინის). ის იყო ჩემი პირველი სამიზნე, მე და დანიელმა, ორივემ დავურეკეთ, რათა მისი მდგომარეობა გაგვეგო. რასაკვირველია, შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ იზრუნა და მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა.

როდესაც შენგელია ჯერ კიდევ NBA-ში იყო, ნამდვილად ვცდილობდი, ის „ბასკონიაში“ გადამეყვანა, სადაც იმ დროს მწვრთნელი ვიყავი. ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შესანიშნავი მოთამაშე გახლდათ. სასაცილოა, რომ, როცა მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, კლუბი დავტოვე. ასე რომ, ერთად მუშაობის შესაძლებლობა არ მოგვეცა“, - თქვა სკარიოლომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა. ქართველ კალათბურთელს, „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეტსში“, „ჩიკაგო ბულსში“, „ბასკონიასა“ და ცსკა-ში უთამაშია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო დატოვა.

„ვირტუს ბოლონიაში“ 2009-2012 წლებში ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა, ხოლო შენგელიამდე ცსკა-დან ხუთი დღის წინ დანიელ ჰაკეტი დაიმატა. გარდა ამისა, გუნდში ისეთი გამოცდილი მოთამაშეები არიან, როგორებიც მარკო ბელინელი და მილოშ ტეოდოსიჩი გახლავთ. „ვირტუსი“ იტალიის სერია A-ში 16 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ოლიმპია მილანოს“ ჩამორჩება, იტალიის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრას კი 13 მარტს, თანაქალაქელ „ფორტიტუდოსთან“ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ იტალიური კლუბი ევროლიგაზე არა, მაგრამ ევროთასის გათამაშებაში მონაწილეობს.

0.116033