ჩოგბურთი

0:54 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძმები ბრაიანები უკრაინისთვის თანხას შეაგროვებენ

ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმტებული წყვილი, ამერიკელი ძმები, ბობ და მაიკ ბრაიანები ამბობენ, რომ ინდიან ველსის დროს, დაიწყებენ ფონდების შეგროვებას იმისთვის, რომ ელინა სვიტოლინას უკრაინელი ლტოლვილებისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში შეუწყონ ხელი.

უკრაინელი ჩოგბურეთელი, ვინც ერთ დროს რეიტინგში მესამე ადგილზე იყო, საჩოგბურთო სამყაროს მისი ქვეყნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ უახლოეს ტურნირებზე მიღებულ საპრიზო თანხებს, უკრაინის არმიის ფონდში ჩარიცხავს.

ბრაიანები გაუძღვებიან აუქციონს სახელწოდებით „ჩოგნები ლტოლვილებისთვის“, რომელზეც ყოფილი და მოქმედი ჩოგბურთელები, საკუთარ ავტოგრაფიან ჩოგნებს გამოიტანენ. აუქციონები კალიფორნიაში, ინდიან ველსის მსვლელობისას გაიმართება და მათში მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს მიეცემა.

„ჩვენ ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც უკრაინაში ხდება. ბავშვები სათამაშო და საჩოგბურთო მოედნებზე უნდა იყვნენ და არა თავშესაფრებში და იმ მატარებლებში, რომლებიც მათ ქვეყანას ტოვებს. საჩოგბურთო სამყარო ერთად შეკრული ოჯახია და დარწმუნებული ვარ, როდესაც აუქციონს დავიწყებთ, ჩოგბურთელებისგან საოცარ მხარდაჭერას მივიღებთ“, - ამბობს ბობ ბრაიანი.

ბრაიანებმა პროფესიონალური ჩოგბურთის ეპოქაში, ერთად ყველაზე მეტი, 119 ტურნირი მოიგეს, მათ შორის 16 დიდი სლემისაა, 39 ATP-ს მასტერს 1000-ის და ოთხი - ATP-ს ფინალის. ამერიკული წყვილი, მამაკაც წყვილთა რეიტინგს სათავეში 438 კვირის განმავლობაში ედგა.

ინდიან ველსის ტურნირი 9 მარტს დაიწყება, აუქციონი კი სტარტს ერთი დღით ადრე აიღებს.

0.122889