უკრაინის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ ლუჟნიმ განაცხადა, ვლადიმირ პუტინის ქმედებებზე რუსი ერია პასუხისმგებელი, რადგან პრეზიდენტად ის მათ აირჩიეს.
შესაბამისად, როდესაც რუსი ხალხი ჩუმადაა, ნიშნავს, რომ პუტინის მოქმედებებს ეთანხმებიან. ამიტომაც, ლუჟნი სამართლიანად მიიჩნევს რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გარიცხვას.
„მთელი ქალაქები იბომბება და განადგურებულია. როგორც ყველა ერთგული უკრაინელი, მეც ჩემს სამშობლოში ვარ და ტერიტორიული თავდაცვის არმიას შევუერთდი. ძალიან დაძაბული სიტუაციაა. სირენების ხმა დღეში 3-4-ჯერ ისმის, ღამითაც. ხალხი ბუნკერებშია, შეშინებულია. ხალხს დენი, წყალი, გაზი და საკვები ეწურება. თუმცა, ჩვენი ერი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და არ დავნებდებით. ყველა ცდილობს ერთმანეთის დახმარებას.
ვეთანხმები რუსული სპორტისთვის დაწესებულ სანქციებს, სპორტსმენებიც ერის ნაწილია და ერი ირჩევს პრეზიდენტს, ამიტომ, ისინი პასუხისმგებელნი არიან თავიანთი არჩეული პრეზიდენტის ქმედებებზე. ისინი თუ ჩუმად არიან, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ხდება - მშვიდობიან ქვეყანაში შეჭრას.
რუსულ სპორტს შეუძლია და უნდა ესაუბროს თავის პრეზიდენტს ომის შეჩერებაზე. რასაც რუსები აკეთებენ დიდი საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის. ჩვენი არმია, ჩვენი გმირები იცავენ მთელ ევროპას. ჯარისკაცები გვიცავენ! მადლობელი ვარ ჩვენი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინისა და ჩვენი ერთგული ხალხის“, - თქვა ლუჟნიმ.