სამხრეთ აფრიკელმა მორბენალმა სტივენ მოკოკამ, ვისაც ადრე 50 კილომეტრზე არასდროს ურბენია, ამ დისტანციაზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დააფიქსირა. 37 წლის მოკოკამ, ქალაქ გბერჰაში (სამხრეთ აფრიკა) ასპარეზობისას, 50 კილომეტრი ორ საათში, 40 წუთსა და 13 წამში გაირბინა.
წინა რეკორდი იყო ორი საათი, 42 წუთი და 07 წამი და ის ეთიოპიელმა კეტემა ბეკელე ნეგასამ შარშან, იმავე ქალაქში დაამყარა.
„ძალიან დავიღალე. ეს ძალიან გრძელი დისტანციაა და წარმოდგენა არ მაქვს, მოგვიანებით როგორ ვიქნები. თუმცა თქმა არ უნდა, რომ ძალიან გახარებული ვარ“, - განაცხადა მოკოკამ.
ქალთა გარბენში მთელ დისტანციაზე წინ ეთიოპიელი ამელევორკ ფიკადუ ბოშო იყო და ფინიში პირველმა სწორედ მან გადაკვეთა. გამარჯვებულის დროა 3:04:58, რაც დაახლოებით ოთხი წუთით ნაკლებია უახლოესი მდევრის დროზე. ამასთან, ბოშოს მსოფლიო რეკორდამდე სულ 34 წამი დააკლდა.