კალათბურთი

12:05 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმმა” სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ქუთაისი” 25 ქულით დაამარცხა

თბილისში 4 მატჩით დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური ბათუმში დასრულდა. აჭარული გუნდი დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერ “ქუთაისს” შეხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი სხვაობით დაამარცხა. მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი წაგების მქონე ქუთაისელები ბათუმში უშანსოდ დამარცხდნენ – კოტე ტუღუშის გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ცხრილის შუაში მყოფ ზღვისპირელებს და საბოლოოდ 25 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 98:73 (სტატისტიკა).

მასპინძელთაგან დიდებულად ითამაშა სოსო გოგნაძემ, რომელსაც ეროვნული ნაკრების 2 წევრთან – აკაკი დვალიშვილთან და გიორგი კორსანტიასთან უწევდა პაექრობა. ბათუმელთა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი 11 ბურთიდან 10 ჩააგდო, რასაც 8-დან 6 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 26 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. შესანიშნავად გაისარჯა ბათუმელთა ახალწვეული კაილ რიდლი – 22 ქულა და 11 მოხსნა. კიდევ ერთმა ახალწვეულმა – დე ანჯელო სტიუარტმა ბათუმელებს 16 ქულა მიაშველა.

“ქუთაისში” საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულა მიითვალა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. 9 მოგებითა და 2 მარცხით “ქუთაისი” მე-3 ადგილამდე დაქვეითდა. მის წინ თითო თამაშით მეტის მქონე “ვერა” (9-3) და თსუ-ა (10-2).

GBF.GE

0.114538