კალათბურთი

10:23 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია იტალიურ კლუბთან ახლოსაა, შესათანხმებელი მხოლოდ ერთი დეტალია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ახლოსაა იტალიურ „ბოლონია ვირტუსში“ ტრანსფერთან. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ბოლონიელები ძალიან ახლოს არიან 30 წლის ქართველ კალათბურთელთან შეთანხმების მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ „ვირტუსმა“ სამი დღის წინ მოსკოვის ცსკა-დან წასული კიდევ ერთი მოთამაშე, დანიელ ჰაკეტი გაიფორმა.

იტალიური გაზეთი წერს, რომ მხარეებს შორის შესათანხმებელი მხოლოდ კონტრაქტის ვადა დარჩა. საქმე ისაა, რომ მომდევნო სეზონში შენგელიას თამაში ევროლიგაში ან უკეთეს შემთხვევაში NBA-ში სურს, ამიტომაც, იტალიურ კლუბთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, ევროლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში გახანგრძლივების ვარიანტით.

„შენგელიას, ისევე როგორც ჰაკეტს მიმდინარე სეზონში ევროლიგაში თამაში არ შეუძლია, ამიტომაც მისთვის ევროთასზე მოთამაშე გუნდები აქტიურობენ - „ვალენსია“ და „ვირტუსი“. მოლაპარაკება ეფუძნება ხელშეკრულების ხანგრძლივობას. მომავალი სეზონისთვის შენგელიას ევროლიგაში ან NBA-ში სათამაშოდ დაბრუნება სურს. ასე რომ, "ვირტუსთან" შეთანხმება შეიძლება სეზონის ბოლომდე შედგეს, ევროლიგაში კვალიფიკაციის შემთხვევაში მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

თუმცა, როგორც წაიკითხეთ, „ვირტუსი“ ერთადერთი გუნდი არ არის, რომელსაც შენგელიას დამატება სურს. მეორე ესპანური „ვალენსიაა“, სადაც ქართველ კალათბურთელს 2008-2010 წლებში, კარიერის სტარტზე აქვს ნათამაშები. აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ „ბოლონია ვირტუსის“ რიგებში 2009-2012 წლებში ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა.

0.119745