ფეხბურთი

22:10 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ გოლი უნგრეთის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 27 წლის ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატში ახალი კლუბის რიგებში მესამე მატჩი ჩაატარა და ისევ გაიტანა, თანაც მისმა გუნდმა სამივე შეხვედრაში იმარჯვა.

ზივზივაძემ, რომელიც „უიპეშტს“ ზაფხულამდე იჯარით „ფეჰერვარიდან“ შეუერთდა, ამჯერად „პუშკაშ აკადემიას“ გაუტანა. მისი გუნდი მარცხდებოდა (0:1), როცა 32-ე წუთზე ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, მცველი მოატყუა და მეკარეს დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით გაუტანა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და მოიგეს. ამ შეხვედრაში არ უთამაშია გიორგი ბერიძეს, რომელიც განაცხადში არ იყო.

ზივზივაძემ „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ ჯერ „ფეჰერვარს“ გაუტანა გოლი, მერე „მეზოკოვეშდთან“ დუბლი შეასრულა (ორივე გუნდში მას ნათამაშები აქვს). ქართველ ფეხბურთელს უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა (2 სეზონის პირველ ნაწილში „ფეჰერვარის“ მაისურით გაიტანა).

„უიპეშტმა“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა და 12-გუნდიან ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზე აღზევდა. სხვათა შორის, სამი ტურის წინ გუნდი ბოლოსწინა პოზიციაზე, გასავარდნ ზონაში იყო. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 12 მარტს, სტუმრად „დებრეცენთან“ გამართავს.

0.126039