ფეხბურთი

17:12 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" უდანაკარგოდ, "ლოკომოტივი" და "სიონი" - უქულოდ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური დღეს ორი მატჩით დასრულდა. ტურის დასკვნითი თამაში წყალტუბოს „სამგურალსა“ და თბილისის „ლოკომოტივს“ შორის გაიმართა.

პირველ ტურში ორივე გუნდმა წააგო, ამდენად სეზონში პირველი ქულებისთვის დაუპირისპირდნენ. შოთა შეყილაძის გოლით „ლოკომოტივი“ 38-ე წუთზე დაწინაურდა და 73-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში სამი გოლი გაუშვა. დუბლი შეასრულა ირაკლი რუხაძემ, ერთხელ თავი დემურ ჩიხლაძემ გამოიჩინა - 3:1 წყალტუბოელთა სასარგებლოდ. „სამგურალმა“ სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივს“ ქულა არ აქვს და წინ „გაგრასთან“ თამაში ელოდება.

ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი უქულო გუნდია - „სიონი“. ბოლნისელებმა საკუთარ მოედანზე „თელავთან“ 0:2 წააგეს. კახელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში შეაგდეს, ჯერ გიორგი კვერნაძემ გამოიჩინა თავი, მერე ლაშა ქოჩლაძემ. „თელავი“ ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოა და 6 ქულით „დინამო ბათუმთან“ ერთად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, მომდევნო შეხვედრას კი „სამგურალთან“ ჩაატარებს. რაც შეეხება „სიონს“, მასაც „ლოკომოტივის“ დარად ჯერ ქულა არ მოუპოვებია და მესამე ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება.

ერთი საინტერესო დეტალიც: ეროვნულ ლიგაში ორი ტური მიილია, შესაბამისად 10 მატჩი ჩატარდა და ფრედ არცერთი დამთავრებულა.

„სიონი“ – „თელავი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კვერნაძე (47), 0:2 ქოჩლაძე (68)

„სამგურალი“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 შეყილაძე (38), 1:1 რუხაძე (73, პენ), 2:1 ჩიხლაძე (78), 3:1 რუხაძე (86)

0.119327