მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიის წინააღმდეგ მოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარები კალათბურთელებმაც გააკეთეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხ დღეში 2 შეხვედრა მოუგო, ამჯამად 79:65. ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ლეგიონერი თად მაკფადენი იყო. კარგი თამაში ჩაატარა სუპერლიგაში მოთამაშე კახაბერ ჯინჭარაძემაც.
მატჩის შემდეგ, ორივე მათგანმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა:
"მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის შემდეგ რაუნდში გავედით. ეს თამაში პირველისგან განსხვავდებოდა, რადგან მეტოქე გუნდს წამყვანი მოთამაშეები დაემატნენ. თუმცა, საბოლოო ჯამში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შევძელით. ბოლო დღეებში ვარჯიშისა და თამაშის დროს დიდ მოტივაციას გვაძლევდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. იმედია ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს კი ვულოცავ გამარჯვებას", - თქვა ჯინჭარაძემ.
"კალათბურთს ვთამაშობთ, თუმცა, ჩვენს გარშემო უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც ხდება. ომს უდანაშაულო ხალხი ეწირება და ეს, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. რაც შეეხება მატჩს, უმეტესად სოლიდურად გამოვიყურებოდით. ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც შეგვიძლია, თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა", განაცხადა მატჩის შემდგომ თად მაკფადენმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჯგუფში 3 თამაში მოიგო და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა. ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრებს ივლისში ჩაატარებენ. ილიას ზუროსის გუნდი 1 ივლისს, თბილისში, უკრაინას უმასპინძლებს.