საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ილიას ზუროსის გუნდმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო, მართალია, ისე ადვილად ვერ, როგორც სამი დღის წინ თბილისში, მაგრამ 14-ქულიანი უპირატესობით - 79:64.
საქართველომ პირველი და მესამე პერიოდი, შესაბამისად, 3 და 2 ქულით წააგო, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე და მეოთხე პერიოდებში მეტოქეს აშკარად აჯობა (25:14, 21:13). ამრიგად, ილიას ზუროსის გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თად მაკფადენი იყო, რომელმაც 24 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 13 ქულით და 8 მოხსნით გამოირჩა გიორგი შერმადინი. 10-ქულიან ზღვარს კიდევ ორმა მოთამაშემ უწია: მერაბ ბოქოლიშვილის აქტივში 11, ხოლო დუდა სანაძის ანგარიშზე 10 ქულა იყო.
საქართველოს ნაკრებს 4 ტურში 3 მოგების საპირისპიროდ 1 წაგება აქვს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ილიას ზუროსის გუნდი 1 ივლისს უკრაინას, ხოლო 4 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო 65:79 (21:18, 14:25, 17:15, 13:21)