ფეხბურთი

0:19 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის გმირობა ავსტრიაში: მან მეტოქე სიკვდილისგან იხსნა (+VIDEO)

ავსტრიული „ვოლფბერგერის“ ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიას“ ნახევარმცველი გეორგ ტაიგლი სიკვდილს გადაარჩინა.

ეს ამ გუნდების შეხვედრის 87-ე წუთზე მოხდა. ტაიგლს მეტოქის, ნიკოლას ვერაშინგისგან მუხლი თავში შემთხვევით მოხვდა, რის შედეგადაც მაშინვე გონება დაკარგა. სიტუაცია ყველაზე სწრაფად და კარგად ლუკამ შეაფასა, რომელიც გონებადაკარგულ ავსტრიელთან მივიდა, პირი გააღებინა და ენა დაუჭირა, რითაც სიკვდილისგან იხსნა. 31 წლის ტაიგლი გონზე მალევე მოვიდა და მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა.

ქართველ ფეხბურთელს მადლობა, როგორც „აუსტრიას“ ფეხბურთელებმა, ისე ზოგადად ავსტრიელმა ფანებმაც გადაუხადეს, რომლებიც სოციალურ ქსელში უბრალოდ აღფრთოვანებულნი არიან მისი დროული და სწორი მოქმედებით.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება ეს იყო. ყველანი ვამაყობთ ლოჩოთი, ასე სწრაფი რეაგირებისთვის, ეს წარმოუდგენელია“, - თქვა „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა.

ლუკას მადლობა მეტოქეებმაც გადაუხადეს: „მადლობა მას. ნასწავლიც რომ გქონდეს, პირველად დახმარების აღმოჩენა ადვილი არაა. მატჩის შემდეგ ტაიგლი დაბნეული იყო, თუმცა, მკითხა, მოვიგეთ თუ არა. ის ახლა კარგად არის“, - თქვა „აუსტრიას“ მთავარმა მწვრთნელმა მანფრედ შმიდმა.

„გვინდა, რომ ლუკას მადლობა გადავუხადოთ. ჩვენმა გუნდის ექიმმა გვითხრა, რომ მან გეორგის სიცოცხლე გადაარჩინა“, - განაცხადა „აუსტრიას“ ფეხბურთელმა ალექსანდერ გრუნვალდმა.

ამრიგად, ლუკა ლოჩოშვილმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. რაც შეეხება მატჩს, „აუსტრიამ“ 1:0 მოიგო. მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 23 მატჩია.

0.146174