მოსკოვის ცსკა-მ თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კლუბი ადასტურებს, რომ მან ცსკა დატოვა.
ცსკა-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხმა კალათბურთელმა კონტრაქტი დაარღვია, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი ამ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან.
„რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ვითარებასთან და მის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებული ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, თორნიკე შენგელიამ და იფე ლუნდბერგმა ცსკა დატოვეს. უახლოეს მომავალში მარიუს გრიგონისი და იოჰანეს ვოიტმანიც სახლში წავლენ. კალათბურთელების ქმედებები კონტრაქტის პირობების და საკლუბო წესების დარღვევაა, მაგრამ კლუბი გაგებით ეპყრობა თითოეული მოთამაშის პირად მდგომარეობას. თითოეულ კალათბურთელთან თანამშრომლობის სტატუსის განხილვა მაშინ მოხდება, როდესაც ევროპაში პოლიტიკური და სპორტული სიტუაცია დასტაბილურდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი ქართველი კალათბურთელი ევროლიგაში საშუალოდ 24 წუთში 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა. შეგახსენებთ, შენგელიას კარიერის განმავლობაში „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეტსში“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბასკონიაში“ აქვს ნათამაშები.