ფეხბურთი

15:02 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ჩემს პროვოცირებას ცდილობენ და ამისთვის მზად უნდა ვიყო"

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სეზონის მეორე ნაწილის მიზნებსა და ზამთრის შეკრებაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო თითქმის ორი შეკრება ინდივიდუალურად ვივარჯიშე, ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი გამოდგა. ახლა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ კარგად მესმის, რომ 100%-ით მზად არ ვარ. სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე ბევრ ვვარჯიშობ, რათა გაზაფხულზე გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, რადგან კლუბის სამედიცინო პერსონალმა სამუშაო შესანიშნავად შეასრულა. უახლოეს მომავალში გავაგრძელებ მკურნალობას და პროცედურას, რომ 90 წუთი ვითამაშო“.

- მწვრთნელი რა რჩევას გაძლევს?

- მე და ლეონიდი ხშირად ვსაუბრობთ. ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ და მისგან ბევრს ვსწავლობ. ის გამუდმებით მოითხოვს, რომ უფრო პროდუქტიული ვიყო და ჩემი თვისებები გავაუმჯობესო. ის მეუბნება, რომ მეტოქეები ხშირად არ ერიდებიან ფეხებში ხშირად შეგნებულად დარტყმას, ჩემს პროვოცირებას ცდილობენ და ამისთვის მზად უნდა ვიყო. კვირაში ორჯერ მაინც ვსაუბრობთ და მუდმივად მისგან რაღაც ახალს ვიღებ.

- ახალწვეულებზე რას იტყვით?

- ძალიან კარგი ახალწვეულები არიან, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა მათ ადამიანურ თვისებებს. ლომოვიცკის შეუძლია თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. ამ ეტაპზე მას მარცხენა ფლანგზე უწევს თამაში და ჩვენც ხშირად მოედნის ერთ ფლანგზე ვართ. ძალიან სასიამოვნოა მასთან თამაში. ლისაკოვიჩი ძალიან კარგი თავდამსხმელია, ზონებში კარგად იხსნება. მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ გუნდს გოლებით დაეხმაროს, მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაში. ბეგიჩი დაბრუნდა, ძალიან პოზიტიური ადამიანი და ბედნიერი ვარ მისი დაბრუნებით. ის მხიარული ადამიანია, გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს.

- როგორ მიიღეთ დესპოტოვიჩის წასვლა, რომელსაც კარგად უგებდით?

- დესპოტოვიჩი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მეორე წრეში ძალიან კარგი გუნდი ვიქნებით. გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომლებსაც შანსი ეძლევათ, მოტივირებულები ვართ, კარგი ახალწვეულები გვყავს, ამიტომ, მაღალი ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი კარგად ითამაშებს და სეზონის ბოლოს იქ ვიქნებით, სადაც „რუბინი“ ყოფნას იმსახურებს.

- რა მიზნები გაქვთ სეზონის დარჩენილ ნაწილში?

- არ ვფიქრობ, რომ ვიმსახურებთ იმ ადგილს, რომელზეც ახლა ვართ. ბოლო შეხვედრებში არ გაგვიმართლა, იყო მომენტები, როცა ტრავმის გამო ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იყოს. სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადებით, რომ დავიკავოთ დამსახურებული ადგილი და მოვხვდეთ ევროზონაში.

- რას იტყვი „ზენიტზე“, მომავალ მეტოქეზე?

- „ზენიტი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი რუსი ფეხბურთელები და ლეგიონერები ჰყავს. ყველას სიამოვნებს ასეთ გუნდებთან თამაში და მაქსიმუმს აკეთებს მოსაგებად. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გააკეთა. „რუბინი“ 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-11 ადგილზეა, „ზენიტს“ კი 28 თებერვალს, სტუმრად დაუპირისპირდება.

0.119466