საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ცსკა-ს დატოვების შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.
გუშინ არაერთ მედიაში დაიწერა, რომ ქართველმა ფორვარდმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, თუმცა, მოგვიანებით ეს მისმა აგენტმა - ნიკოს ვარლასმა უარყო.
Metaratings-მა კი დაწერა, რომ „პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ცსკა თორნიკეს დაბრკოლებას არ შეუქმნის".
აღსანიშნავია, რომ მანამდე შენგელიამ ფეისბუქით უკრაინას მხარი საჯაროდ დაუჭირა, როცა უკრაინის დროშა შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „ვლოცულობ უკრაინისთვის, გამაგრდით!“
ქართველი კალათბურთელი ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი ქართველი კალათბურთელი ევროლიგაში საშუალოდ 24 წუთში 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა. შეგახსენებთ, შენგელიას კარიერის განმავლობაში „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეტსში“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბასკონიაში“ აქვს ნათამაშები.