ბლოგი

17:17 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდება უკრაინას!

ჩვენს მეგობარ უკრაინაში ომია. ნამდვილი, დაუნდობელი ომი, რომელიც გასცემს პასუხს კითხვაზე, მომდევნო ათწლეულები როგორ იცხოვრებს ევროპა და საბოლოოდ მოხერხდება თუ არა რუსეთის შეჩერება, რომელიც სპობს ყველაფერ ნათელს და ნამდვილს, სწორსა და თავისუფალს.

უკრიაინელები მედგრად უდგანან მტერს და დიდქალაქებში არ აყოფინებენ ცხვირს. პუტინის არმია კი, ყველასთვის კარგად ნაცნობ რამეს აკეთებს და ამას სახელად მოროდიორობა ჰქვია. სისტემატიურად იძარცვება მაღაზიები, ოფისები, სახლები და ეს განსაკუთრებით გვახსენებს იმას, რაც საქართველოში 14 წლის წინ ხდებოდა. ყველას გვახსოვს, რუსი მოროდიორები სატვირთო ავტომობილებს სხვა ნაძარცვთან ერთად უნიტაზებითაც რომ ტვირთავდნენ.

უკრაინელებს ბევრი ატყუებდა და სამწუხაროდ, ზოგიერთს აჯერებდნენ, რომ თითქოს რუსეთი უკვე განვითარებული ქვეყანა იყო და თითქოს ევროპაში გაძვირებული გაზისა და ნავთობის გამო, რუსი ხალხი წელში გამართულად ცხოვრობდა, მაგრამ ამ მოროდიორობამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი (დედაქალაქისა და პეტერბურგის მოსახლეობის გარდა) სწორედაც რომ ცუდად ცხოვრობენ და თან ასეთი ხამები არიან.

ალბათ ბევრმა არ იცით, რომ რუსებმა ქართულ უნიტაზებს თვალი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში დაადგეს. საქართველოში ჩამოსული და ქართული სტუმართმოყვარეობით დაბოღმილი ერთ-ერთი რუსი ვაი-მწერალი (რომლის გვარიც არაფერს გვეუბნება) ერთ-ერთ რუსულ ლიტერატურულ გამოცემაში ასეთ რამეს წერდა: “ქართველები რატომღაც საბჭოთა კავშირში ყველაზე კარგად ცხოვრობენ და რატომღაც ყველაზე მეტი ფული აქვთ. მე რომელმა ოჯახმაც მიმასპინძლა, მათ ოჯახში უცხოური წარმოების უნიტაზი იდგა. საკითხავია, საიდან იშოვეს ასეთი კარგი უნიტაზი?“.

გმირი უკრაინელები ნათლად დარწმუნდნენ, თუ მართლაც რამხელა განსხვავებაა რუსულ არმიასა და ნატოს ჯარებს შორის. მათი განსხვავება მხოლოდ შეიარაღებაში, კვებასა და ინფრასტრუქტურაში როდია (თუმცა, ამ ყველაფერშიც რუსეთის არმია ნატოს ჯართან ახლოსაც კი ვერ მივა). უპირველესად, ყველაზე დიდი განსხვავება მენტალიტეტსა და აზროვნებაშია.

ამერიკელი, ფრანგი ან გერმანელი ჯარისკაცი, 21-ე საუკუნეში, დარწმუნებული ვარ, ელემენტარულად არ იკადრებს მაღაზიიდან, ბინიდან, სამხედრო ყაზარმიდან, ან პოლიციის შენობიდან ნივთების მოპარვას. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. რა ჭირად უნდა ამერიკელს და გერმანელს უნიტაზი? ანდა თავი რატომ უნდა დაიმციროს ქვაბების სახეხის მოპარვით? ამ ყველაფრის შეძენა ხომ მას სულ ადვილად შეუძლია თავისივე ქვეყანაში...

ასეთ ნივთებს მხოლოდ ველურები, უნახავები და ხამები იპარავენ. წარმომიდგენია სცენა, როდესაც მავანი რუსი ჯარისკაცი კიევიდან სახლში (იმედია, დამარცხებული) ჩავა და თავის ოჯახს უკრიანულ მაღაზიაში მოპარული ტკბილეულით გაახარებს. სულ ეს არიან?

იმედია, მოროდიორები მალე შეწყვეტენ უკრიანის მიწის “დინგით ჩიჩქნას“ და უმოკლეს დროში დაბრუნდებიან თავიანთ სამხედრო ბაზებზე, სადაც ერთი “ბუხანკა“ პურის გამო, ერთმანეთს სასიკვდილოდ კვლავ დაჭრიან. მე კი იმედი მაქვს, რომ ამ საშინელი დღეებისა და რუსი ველურების ხილვის შემდეგ, აღარ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მითიურ “განვითარებულ რუსეთზე“ და“ერთმორწმუნე ძმებზე“ კვლავ ილაპარაკებენ.

ახლა ხომ ყველაფერი დღესავით ნათელია!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

0.115007