ფეხბურთი

14:08 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ნაკრებმა რუსეთთან ნებისმიერ ადგილას თამაშზე უარი თქვა!

პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარს ამბობს!

„აღარ არის სიტყვების დრო, არამედ მოქმედების დროა! უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ესკალაციის გამო პოლონეთი არ აპირებს პლეი-ოფში რუსეთის ნაკრებთან მატჩის გამართვას. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ საკითხს ჩეხეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებთან განვიხილავთ, რომ ფიფამდე საერთო პოზიცია მივიტანოთ“, - თქვა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩეზარი კულეშამ.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას უმალვე გამოეხმაურა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ:

„სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან თამაში, რადგან უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება. რუს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი ხდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ბაიერნის“ ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და პოლონეთის მატჩი 24 მარტსაა დაგეგმილი, უეფამ მხოლოდ მისი ნეიტრალურ ადგილას გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე ჯგუფში არიან ჩეხეთისა და შვედეთის ნაკრებები, რომლებმაც შესაძლოა პოლონეთს მხარი დაუჭირონ.

0.117187