ფეხბურთი

20:55 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "დინამო ბათუმმა" მოგებით დაიწყო, ფანებმა და ფეხბურთელებმა უკრაინას მხარი დაუჭირეს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონმა სტარტი აიღო. პირველ შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიომა „დინამო ბათუმმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 მოიგო.

გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და გამარჯვება არ გასჭირვებია. სეზონის პირველი გოლის ავტორი ირაკლი ბიძინაშვილი გახდა, რომელმაც თავი 36-ე წუთზე გამოიჩინა და არამარტო თამაშში, არამედ სეზონში ანგარიში გახსნა.

ბათუმელებმა მეორე ნახევარში კიდევ სამჯერ გაიტანეს. ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით გაზარდა სხვაობა, მერე ჯოვინომ მესამედ დაამწუხრა სტუმრები, ხოლო საბოლოო ანგარიში მამუჩაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი გოლით დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი უკრაინის მხარდამჭერი აქციით დაიწყო - ორივე გუნდის ფეხბურთელები ბანერის ფონზე გაერთიანდნენ: „არა ომს!“. ტრიბუნებზე უკრაინის დროშები იყო გამოფენილი, ხოლო ბათუმელებს უკრაინელმა ოლექსანდრ აზაცკიმ უკაპიტნა, მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდის კაპიტანი არ არის, მამუკა კობახიძემ სამკლაური ცხადია, დაუთმო.

აქვე გეტყვით, რომ მეორე ტურში „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისს“, ბოლნისის „სიონი“ კი „თელავს“ შეხვდება.

„დინამო ბათუმი“ – „სიონი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (36), 2:0 მამუჩაშვილი (61. პენ), 3:0 ჯოვინო (73), 4:0 მამუჩაშვილი (77)

0.127169