ფეხბურთი

2:09 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლაჰოვიჩმა დებიუტიდან 32 წამში გაიტანა, "ჩელსი" თითქმის მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის „ჩელსი“ ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ტომას ტუხელის გუნდი მერვედფინალში საფრანგეთის ჩემპიონ „ლილს“ დაუპირისპირდა და აშკარა ფავორიტი იყო.

„არისტოკრატებმა“ მშვიდად მოიგეს, თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და წესით საფრანგეთში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. მერვე წუთზე ანგარიში კაი ჰავერტცმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში კრისტიან პულიშიჩმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალთან“ სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დიდი დანაკლისით ითამაშა და მწვრთნელმა 3-5-2 სქემა აირჩია. „ბებერი ქალბატონი“ პირველივე წუთზე დაწინაურდა. დანილოს ბრწყინვალე პასის მერე დუშან ვლაჰოვიჩმა კიდევ უფრო დიდებულად ითამაშა და ანგარიში გახსნა. მან ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში 32-ე წამზე გაიტანა! ის გახდა „იუვეს“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სადებიუტო თამაშში გაიტანა და ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (20 წლის) ყველაზე ახალგაზრდა (22 წლის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი გოლით აღნიშნა.

„იუვემ“ მეტი ვეღარ გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ბევრი საგოლე მომენტი არც შეუქმნია, თუმცა, არც „ვილიარეალს“ უტოვებდა სივრცეებს. თუ არ ჩავთვლით, ერთადერთ მომენტს, რომელიც გუნდს ძვირად დაუჯდა. მატაის დე ლიხტმა თავისი პოზიცია დატოვა, უფრო შუაში შეიწია და გაჩენილი სივრცით დანი პარეხომ ისარგებლა, რომელმაც 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის პირველი შეხვედრა ბოლო სამი წლის განმავლობაში წაგებული ჰქონდა (2019, 2020 და 2021 წლებში) და 2018 წლის მერე, როცა „ტოტენჰემს“ დაუზავდა (2:2), პირველად მოახერხა პირველ მატჩში თავიდან მარცხის არიდება.

თუმცა, 16 მარტს, საპასუხო მატჩში მაქს ალეგრის გუნდს უკეთ თამაში მოუწევს, რადგან იქ გამარჯვებული გავა შემდეგ ეტაპზე. სტუმრად გატანილი გოლის წესიც გაუქმებულია, ასე რომ, ჯერ გამოკვეთილი არაფერია.

„ვილიარეალი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1)

ვილიარეალი, „ესტადიო სერამიკა“

„ვილიარეალი“ (4-4-2): რული; ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა (ესტუპინიანი 90); ჩუკვუეზე (პინო 90), კაპო, პარეხო, ა. მორენო (ტრიგეროსი 79); ლო ჩელსო, დანჟუმა (დია 90)

მწვრთნელი: უნაი ემერი

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ალექს სანდრო (ბონუჩი 46); კუადრადო, მაკკენი (ზაკარია 81), ლოკატელი (არტური 71), რაბიო, დე შილიო (პელეგრინი 87); ვლაჰოვიჩი, მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (1), 1:1 პარეხო (66)

გაფრთხილება: რული (73) - რაბიო (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 7 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:0 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

„ჩელსი“ – „ლილი“ 2:0 (1:0)

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი; ასპილიკუეტა, კანტე, კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 60), ალონსო (სარი 80); ზიეში (საულ ნიგესი 60), ჰავერტცი, პულიშიჩი (ვერნერი 80)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ლილი“ (4-3-3): ლეო ჟარდიმი; ჩელიკი, ფონტე, ბოტმანი, ჯალო (გუდმუდსონი 76); ონანა (ილმაზი 65), ქსეკა, ანდრე; რენატო სანჩესი (ბენ არფა 81), დავიდი (ჟეგროვა 81), ბამბა

მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი

გოლები: 1:0 ჰავერტცი (8), 2:0 პულიშიჩი (63)

გაფრთხილება: ლოფტუს-ჩიკი (83) - ბერ არფა (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 15 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

0.146811