ჩოგბურთი

2:08 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ვერც ინდიან ველსზე გამოსვლას შეძლებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ის ვერც შეერთებულ შტატებში შესვლას შეძლებს და შესაბამისად, მასტერსის სერიის პრესტიჟულ, ინდიან ველსის ტურნირზეც ვერ ითამაშებს, რომელიც მარტში გაიმართება.

ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირზე თამაშობს, სადაც იოლად დაამარცხა იტალიელი ლორენცო მუსეტი და მეორე წრეში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ აცრილი არაა, ჯოკოვიჩმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შესვლა მაინც შეძლო. თუმცა სს-ში შესვლაზე გაცილებით მკაცრი მოთხოვნებია, რომელთა შორისაც მთავარი ვაქცინაციაა.

„დღეის მდგომარეობით, იქ გამგზავრებას ვერ შევძლებ. შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება არ მაქვს. გამოდის, რომ იქ თამაშსაც ვერ შევძლებ. მაგრამ ვნახოთ, იქნებ, მალე სიტუაცია შეიცვალოს“, - ამბობს 34 წლის ჯოკოვიჩი, ვისაც დუბაიში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

„ჩემი ბოლო თამაშიდან დიდი დრო გავიდა. სეზონის დასაწყებად, უკეთეს ადგილს ვერც ვინატრებდი. სეტის წაუგებლად მოვიგე. თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ეს კარგი შედეგია. იყო მომენტები, როცა კარგად ვთამაშობდი. მაგრამ იყო მომენტებიც, როდესაც ისეთ შეცდომებს ვუშვებდი, როგორებიც არ მჩვევია. ეს მოსალოდნელიც იყო. მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ორ სეტში მოვიგე“, - ყვება ჯოკოვიჩი.

0.163218