სხვა

2:41 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფინეთმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და ტიტული ჩამოართვა

პეკინის ოლიმპიადის ბოლო ჩემპონის ვინაობა, ჰოკეიში, მამაკაცთა შორის ფინალში გაირკვა. ფინეთის ნაკრებმა 2-1 მოუგო მოქმედ ჩემპიონ რუსეთს და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ვილე პოკკამ და ჰანეს ბიორნინენმა, თითო გოლი გაიტანეს რუსების კარში, მათმა მეკარე ჰარი სატერიმ კი 17 დარტყმის მოგერიება შეძლო. ფინელებმა დაუმარცხებლად ჩაატარეს ოლიმპიური ტურნირი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ფინეთი ოლიმპიურ ტურნირებზე რეგულარულად ახერხებს მედლების მოპოვებას, მაგრამ აქამდე ოქროს გარეშე იყო. სკანდინავიელებმა წინა შვიდ ოლიმპიადაზე, ხუთი მედალი მოიპოვეს. პეკინში კი როგორც იქნა, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის დაკავებაც შეძლეს. მათ კალგარისა (1988) და ტურინში (2006) შეძლეს ფინალში გასვლა, მაგრამ მხოლოდ ვერცხლს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-ის პანდემიის გამო, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ, მოთამაშეები, მათ შორის ფინელებიც, პეკინში არ გაუშვა. ამიტომ, ფინურ ნაკრებში რუსეთისა და ფინეთის ლიგებში მოასპარეზე მოთამაშეები გამოიძახეს.

ანგარიში რუსებმა გახსნეს, როდესაც ფინეთი კაცნაკლული დარჩა. მათ კარში გოლი მიხაილ გრიგორენკომ გაიტანა. მაგრამ ამის შემდეგ, მთელი ფინეთის ნაკრები კედლად დადგა. ფინელებმა ანგარიში მეორე პერიოდში გაათანაბრეს - პოკკას მიერ შორიდან დარტყმული შაიბა ივან ფედოტოვმა ვერ მოიგერია.

მესამე პერიოდი 31 წამის დაწყებული იყო, როდესაც ბიორნინენმა ფინელები დააწინაურა. აქედან მოყოლებული, ფინეთმა ყურადღება დაცვაზე გადაიტანა და კარი მშრალად შეინახა.

0.128428