სხვა

1:28 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოჰაუგმა ნორვეგიას პეკინში მე-16 ოქრო მოუპოვა

ნორვეგიელმა ტერეზ იოჰაუგმა ბარის თხილამურობაში, ქალთა შორის 30 კილომეტრზე თავისუფალი სტილით მას სტარტში, გამარჯვება მოიპოვა და თავისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს, მე-16 ოქროს მედალი შესძინა. ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა ოლიმპიადებზე. პეკინში მან 3 ინდივიდუალური ოქროს მედალი მოიპოვა.

იოჰაუგმა წუთით და 43.3 წამით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ამერიკელი ჯესი დიგინსი, ვინც ფინიშის ხაზზე დაღლილი დაეცა. ბრინჯაოს მედალი კი ფინელმა კერტტუ ნისკანენმა მოიპოვა, ვინც ბოლოს ტემპი საგრძნობლად გაზარდა და მდევრებს გასწრების შანსი არ დაუტოვა.

„შესანიშნავია, პეკინში ჩამოსვლამდე, ოლიმპიური ოქრო არ მქონდა, ახლა კი შინ სამით ვბრუნდები და ოლიმპიურ კარიერას ასე დავასრულებ“, - განაცხადა ჩემპიონმა.

რბოლა 7.5-კილომეტრიან ტრასაზე ჩატარდა და ის დაგეგმილზე 3-საათნახევრით გადასწიეს, რადგან ძლიერი ქარი ქროდა. თუმცა სიცივეს იოჰაუგისთვის ხელი არ შეუშლია. ის პირველი ორი კილომეტრის შემდეგ დაწინაურდა.თავიდან ექვსი მოთხილამურე მიჰყვა, მათ შორის, შვედი ება ანდერსონი.

პირველი 10 კილომეტრის შემდეგ, მოწინავეთა რიცხვი სამამდე შემცირდა. ამ დროს, ანდერსონი სითხის მისაღებად გაჩერდა, რითაც იოჰაუგმა ისარგებლა და შვედ დიდ მანძილზე ჩამოიტოვა. ლიდერს დიგინსი მიჰყვა. მაგრამ ამერიკელი სპრინტის სპეცალისტია და შორ დისტანციაზე, მისი შესაძლებლობები შეზღუდული იყო.

იოჰაუგი, ვინც პიონჩანის ოლიმპიადა დოპინგის გამო გააცდინა, რბოლის მეორე ნახევარში, უკან ხშირად იხედებოდა, რათა დაენახა, რამდენად შორს იყვნენ მეტოქეები. თუმცა უპირატესობა ისე გაიზარდა, ვინმეს დანახვა შეუძლებელი იყო. ფინიშის ხაზი მან ნორვეგიის დროშის ფრიალით გადაკვეთა.

0.114308