საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა შესარჩევ ეტაპზე წარმატებით ითამაშა და 2022 წლის ევროფორუმის საგზური გაინაღდა.
საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველომ პოლონეთს უმასპინძლა და ძალიან დიდი სხვაობით, 22:1 დაამარცხა.
ქართველი წყალბურთელები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო. ანგარიშიც სრულიად ლოგიკურია. აქვე ვთქვათ, რომ საქართველომ პირველ ტურშიც იოლად მოიგო, როდესაც ბელარუსის ნაკრები 25:5 გაანადგურა. საქართველოს რიგებში ყველაზე შედეგიანები 3-3 გოლით ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, იოვან სარიჩი და რევაზ იმნაიშვილი იყვნენ.
ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს საქართველო და სლოვაკეთი 6-6 ქულით ლიდერობენ, 20 თებერვალს კი ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივემ უკვე მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაგრამ თამაში მაინც პრინციპულია, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის ბედი წყდება.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე 2014, 2016, 2018 და 2020 წლებში აქვს ნათამაშები, ხოლო 2022 წლის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.
საქართველო - პოლონეთი 22:1 (8:0, 7:1, 2:0, 5:0)
გოლები: 1:0 სარიჩი, 2:0 დადვანი, 3:0 ბითაძე, 4:0 სარიჩი, 5:0 იმნაიშვილი, 6:0 ვაშიჩი, 7:0 იმნაიშვილი, 8:0 ქავთარაძე, 9:0 დადვანი, 10:0 იმნაიშვილი, 11:0 ვაშიჩი, 12:0 ვაპენსკი, 13:0 მაგრაქველიძე, 13:1 ოზგა, 14:1 ადეიშვილი, 15:1 ვაპენსკი, 16:1 დადვანი, 17:1 სარიჩი, 18:1 შუშიაშვილი, 19:1 შუშიაშვილი, 20:1 შუშიაშვილი, 21:1 ჯახაია, 22:1 ჯახაია