გერმანიის II ბუნდესლიგის 23-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ „ზანდაჰაუზენს“ ესტუმრა და დაუზავდა - 1:1. ამ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა 45 წუთი ითამაშა, რაც მის გერმანულ კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მეტი დროა.
„ჩაკვე“ თამაშში 46-ე წუთზე ფარიდე ალიდუს ნაცვლად ჩაერთო, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა (0:1). აღსანიშნავია, რომ გიორგიმ არა თავის ჩვეულ პოზიციაზე (მარცხენა ფლანგზე), არამედ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, თუმცა, საკმაოდ აქტიური იყო. მას საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია. გოლი მე-60 წუთზე სონი კიტელმა გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა. 85-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა ჩაკვეტაძეს შეეძლო, როცა რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შევიდა და დაარტყა, მაგრამ კარს ზემოდან გადააცილა. არადა, რომ გაეტანა, არა მარტო უმნიშვნელოვანესი, არამედ, ულამაზესი, ფანტასტიკური გოლი იქნებოდა.
სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ ქართველის თამაში 6.8 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 6.5 დაუწერა. აქვე ვთქვათ, რომ გიორგიმ მეორე ბუნდესლიგაში მესამედ ითამაშა, წინა ორ მატჩში უფრო ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა („დარმშტადტთან“ 12 და „ჰაიდენჰაიმთან“ 24 წუთი).
„ჰამბურგი“ 23 თამაშში მოპოვებული 41 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ვერდერს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 27 თებერვალს, სწორედ ბრემენულ გუნდს უმასპინძლებს.