ჩოგბურთი

18:12 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე ალტენკირხენის ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა, მაგრამ წყვილებში გაჩემპიონდა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გერმანიის ქალაქ ალტენკირხენის ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

24 წლის ჩოგბურთელი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ გრეტი მინენთან სამ სეტში, 1:6, 6:4, 1:6 დამარცხდა. შეხვედრამ საათსა და 53 წუთს გასტანა.

პირველ სეტში ბელგიელი აშკარად უკეთესი იყო და ქართველს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო, რაც იმანაც განაპირობა, რომ მარიამმა თავისი ჩაწოდება სამჯერ წააგო. სამაგიეროდ, მეორე სეტში ბევრად უკეთ ითამაშა, ორი ბრეიკი შეასრულა და 6:4 მოიგო. თუმცა, გადამწყვეტი სეტი ბელგიელმა ისევ მაღალ დონეზე ჩაატარა და პრობლემების გარეშე 6:1 იმარჯვა.

მარიამ ბოლქვაძემ გერმანულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მისასვლელად გერმანელი ანგელინა ვირგესი, ესპანელი ხეორხინა გარსია-პერესი და გერმანელი ნასტასია მარიანა-შნუკი დაამარცხა.

სამაგიეროდ, ბოლქვაძემ ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში იჩემპიონა. მარიამმა სამანტა მარი შარანთან ერთად დღეს ფინალში შვეიცარიელები, სუსან ბანდეჩი და სიმონა ვალტერტი ორ სეტში, 6:3, 7:5 დაამარცხეს და წყვილთა თანრიგი გამარჯვებით დაასრულეს.

0.116315