ძიუდო

16:59 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი და ილია სულამანიძე თელ ავივის გრანდ სლემის ფინალში გავიდნენ

თელ ავივის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის შედეგიანია. ტატამიზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, საიდანაც ორი ფინალშია, ორსაც ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

ილია სულამანიძე 100 კგ წონით კატეგორიის ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა ისრაელის წარმომადგენელი სტანისლავ ბანჩუკი, რუმინელი ედუარდ სერბანი და აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდელ მიხაელ კორელს გაეჯიბრება.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის ონისე სანებლიძე, რომელმაც ამერიკელი სმითის ძლევის შემდეგ მიხაელ კორელთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ გონჩიგსყრენ ბატხუიაგს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ კოცოიევს დაუპირისპირდება.

+100 კგ წონით კატეგორიაშიც ანალოგიური ვითარებაა - ერთი ქართველი ფინალშია, ერთიც ბრინჯაოსთვის იბრძვის. გურამ თუშიშვილმა უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა, რასაც მონღოლ მუნკაჯარგალ ერდენეხუუსთან გამარჯვება მოჰყვა, ხოლო ნახევარფინალში ტაჯიკ ტემურ რახიმოვს აჯობა და ფინალში ბრაზილიელ რაფაელ სილვას გაეჯიბრება.

ამ წონაში ქართული ფინალი ახლოს იყო, მაგრამ ნახევარფინალში ონისე ბუღაძე სწორედ რაფაელ სილვასთან დამარცხდა. მანამდე ონისემ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური და უკრაინელი იაკივ ხამო დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბუღაძე ავსტრიელ სტეფან ჰეგის შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

90 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი რუფათ ისმაილოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვთან დამარცხდა, რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა და ასპარეზობა დაასრულა. ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელმაც ბრაზილიელ კამილა იამაკავასთან წააგო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, საქართველო თელ ავივის გრანდ სლემზე 15 ძიუდოისტით წარსდგა და წინა ორ საშეჯობრო დღეს მედალი (ვერცხლი) მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

0.115874