სხვა

0:55 | 19.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიელებს ციგურაობაში კიდევ ერთი ოქრო თომას კროლმა მოუპოვა

ციგურაობაში მამაკაცთა შორის 1 000 მეტრზე გარბენი ჰოლანდიელმა თომას კროლმა მოიგო. ეს ჰოლანდიელთა მიერ, პეკინის ოლიმპიადაზე, ეროვნულ საციგურაო ოვალზე მოპოვებული მე-11 მედალია.

29 წლის კროლმა ფინალური გარბენი შედარებით ნელა დაიწყო, მაგრამ შემდეგ ფეხს აუჩქარა და საბოლოოდ, ერთადერთმა შეძლო ფინიშის წუთსა და რვა წამზე ნაკლებში გადაკვეთა. გამარჯვებულის დრო იყო 1:07.92.

ფინალში კროლის მეტოქე იყო კანადელი ლორენ დუბროილი, რომელმაც კარგი სტარტი აიღო და მისმა უპირატესობამ 0.7 წამსაც მიაღწია. თუმცა შემდეგ ტემპი ვერ შეინარჩუნა და ჩამორჩა. კროლი მომდევნო გარბენებს ტრასის მიღმა ელოდა და როცა დაინახა, რომ მისი დრო ცხრილის სათავეში დარჩა, გამარჯვების აღსანიშნად ხელები შემართა.

„ფინიშიდან ათი წუთი იმაზე ვლოცულობდი, რომ ჩემი დრო ვერავის გაეუმჯობესებინა. ასეც მოხდა. ოცნება ამისრულდა. ეს ისაა, რასაც მთელ ცხოვრებას უძღვნი“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც გამარჯვებისთანავე თავის მეგობარ გოგოს დაურეკა და სიხარული გაუზიარა.

ჰოლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომლის მოციგურავეებმაც, 1 000 მეტრზე ციგურაობაში, ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება. სხვათა შორის, კროლმა ჰოლანდიის საკვალიფიკაციო შეჯიბრზე, პიონჩანის ოლიმპიადის ჩემპიონ კიელდ ნუისს აჯობა.

საბოლოოდ, დუბროილმა (1:08.32 ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბრინჯაო კი ნორვეგიელ ჰაავარდ ჰოლმეფიორდ ლორენტცენის (1:08.48) ნადავლი გახდა.

0.124353