ავტოსპორტი

23:35 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ისევ ვერცხლისფერში გამოეწყო

„მერსედესის“ ჯერიც დადგა. კონსტრუქტორთა ბოლო რვა ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა, თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი გვიჩვენა. წარდგენაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, ვინც აბუ დაბიში განცდილი მარცხის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც მაშინ, როდესაც გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან იყო მიწვეული, რათა რაინდის წოდება მიეღო.

ახალი მანქანა, ინდექსით W13, ახალი რეგლამენტის შესაბამისად არის შექმნილი და ის ძველებურად ვერცხლისფერ ფორმაში გამოაწყვეს. გერმანული გუნდი იმედოვნებს, რომ ამ ახალი მანქანით, ჰამილტონს ტიტულის დაბრუნების საშუალება მიეცემა.

ჰამილტონს ახალი სეზონიდან, ახალი თანაგუნდელი ეყოლება - ბრიტანელი ჯორჯ რასელი, ვინც „უილიამსიდან“ გადმოვიდა. რასელი „მერსედესში“ დებიუტანტი მაინც არაა. ფ1-ის მოყვარულებს უთუოდ ახსოვთ მისი გამოსვლა ბაჰრეინში, როდესაც კოვიდ-ით ინფიცირებული ჰამილტონი შეცვალა. რომ არა გუნდის მიერ დაშვებული შეცდომა, რასელს სამქიმიანების მანქანით თავისი პირველივე რბოლის მოგების რეალური შანსი ჰქონდა.

გუნდის შეფი ტოტო ვოლფი იმედოვნებს, რომ ახალი მანქანა კონკურენტუნარიანი იქნება. „ჩვენ ჯერ არც ვიცით, შევძლებთ თუ არა მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას. იმედი მაქვს, რომ მანქანა სწრაფია და ლუისს და ჯორჯს მისი მართვა მოეწონებათ. ეს კარგი დასაწყისი იქნება, - ამბობს ვოლფი.

0.179438