წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო.
შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მატჩები თბილისში იმართება და ჯგუფში საქართველოს გარდა, ბელარუსის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებები არიან. პირველ ტურში ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსის ნაკრები 25:5 გაანადგურეს.
დეიან სტანოიევიჩის გუნდის უპირატესობა ოთხივე პერიოდში უდიდესი იყო და ნამდვილად ძალიან ადვილად მოიგო. 6 გოლით გამოირჩა ნიკა შუშიაშვილი, რომელიც ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ. ოთხჯერ გამოიჩინა თავი ბორის ვაპენსკიმ, ხოლო სამჯერ მარკო ელაჩამ.
პირველ ტურში სლოვაკეთის ნაკრებმა პოლონეთი 25:6 დაამარცხა. მეორე ტურში 19 თებერვალს, საქართველო პოლონეთს და სლოვაკეთი ბელარუსს შეხვდება. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და სტანოიევიჩის გუნდს წესით არ გაუჭირდება მიზნის მიღწევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ ოთხჯერ აქვს ნათამაშები, 2022 წლის ევროპირველობა კი ხორვატიაში აგვისტო-სექტემბერში გაიმართება.
საქართველო - ბელარუსი 25:5 (7:1, 7:1, 5:1, 6:2)
გოლები: 1:0 ელაჩა, 2:0 სარიჩი, 3:0 ვაპენსკი, 4:0 ვაპენსკი, 4:1 მალიშაუ, 5:1 ბარალდი, 6:1 შუშიაშვილი, 7:1 ბარალდი, 8:1 ელაჩა, 9:1 ბითაძე, 10:1 ვაშიჩი, 10:2 რაჯკო, 11:2 შუშიაშვილი, 12:2 შუშიაშვილი, 13:2 სარიჩი, 14:2 მაგრაქველიძე, 15:1 ვაშიჩი, 16:2 ჯახაია, 16:3 ბულაკი, 17:3 დადვანი, 18:3 ელაჩა, 19:3 შუშიაშვილი, 20:3 ვაპენსკი, 21:3 ბითაძე, 22:3 ვაპენსკი, 23:3 მაგრაქველიძე, 23:4 ფედაროვიჩი, 24:4 შუშიაშვილი, 24:5 ახრიმუკი, 25:5 შუშიაშვილი