„ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, F1-75-ის პრეზენტაცია დღეს ჩაატარა, თუმცა მისი ფოტოები ქსელში გუშინვე გამოჩნდა. პილოტები - კარლოს საინსი და შარლ ლეკლერი კი ახალ, წითელ-შავ ფორმებში გამოწყობილები უფრო ადრეც ვიხილეთ. ახალი სახელიც ადრევე გავიგეთ.
თუმცა ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგან მთავარი სიახლე, მანქანის კონსტრუქციაშია, რაც ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობაშია. და როგორც ირკვევა, მარანელოელებმა რამდენიმე ტექნიკური სიახლე შეიმუშავეს, რომლებიც მათ ერთდროულად, იმედსაც აძლევს და შიშსაც უნერგავს - იმ შემთხვევისთვის, თუ სიახლეები არ გაამართლებს.
გუნდმა გასული სეზონი კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა მის პილოტებს ერთი რბოლაც არ მოუგიათ. „ფერარისთვის“ ეს წარმატებად ვერ ჩაითვლება, თუმცა წინა სეზონთან შედარებით, წინსვლა სამი პოზიციიტ მოხდა.
ოპტიმიზმი პირველ რიგში, ძრავს უკავშირდება, რომელსაც მნიშვნელოვანი განახლება ჩაუტარდა. ის მეტნაკლებად „მერსედესის“ და „ჰონდას“ დონეზე იქნება. მაგრამ დიდი ხანია, ამინდს მხოლოდ ძრავი ვერ ქმნის.
საინტერესო სიახლეა მანქანის ცხვირის ნაწილის კონსტრუქციაში, რომელიც გუნდს სეზონის განმავლობაში, სახსრების დაზოგვის საშუალებას მისცემს. ეს კი ბიუჯეტის შეზღუდვის პირობებში, მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გუნდს მანქანის მეტი განახლების საშუალებაც ექნება.