კალათბურთი

21:59 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ჩვენი ეროვნული გუნდის ის 12-12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 24 და 27 თებერვალს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაუპირისპირდება.

შემადგენლობა 24-კაციანია და ის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორის, ფიბა-ს სპეციალურ საშეჯიბრო ბაზაში გაგზავნილი, ხოლო ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია: საქართველოს შემადგენლობა და სტატისტიკური მაჩვენებლები

ამავდროულად, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მომავალი მატჩებისთვის ვარჯიშები 19 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 16 კალათბურთელით დაიწყება. შემადგენლობაში 3 ლეგიონერი – ესპანური ტენერიფეს ლიდერი, გიორგი შერმადინი, ესპანურსავე მურსიაში მოასპარეზე თად მაკფადენი და სერბული ბორაცის მსროლელი, დუდა სანაძეა. დანარჩენი 13 კალათბურთელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან, სუპერლიგის გუნდებიდან არიან.

ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ან სხვა ნებისმიერი მიზეზით თუკი ნაკრების შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება იქნება საჭირო, სამწვრთნელო შტაბს გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობიდან ნებისმიერი მოთამაშის დამატება შეეძლება. მოგეხსენებათ, ჩვენს ნაკრებს 3 დღის განმავლობაში 2 რთული მატჩი ელის და გამორიცხული არაა, მწვრთნელებმა როტაციას მიმართონ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა გასული წლის 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას 88:83 სძლია, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა. თითო მოგებ-წაგებით საქართველო G ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში მაქსიმალურად მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გადაჰყვეს.

შეგახსენებთ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფების შემადგენლობას და გათამაშების ფორმატს:

A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი

B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი

C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი

E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო

F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი

G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია

H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია

ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გავა. მეორე ეტაპზე შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფები, რომლებშიც გუნდები შემდეგი პრინციპით მოხვდებიან: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ანუ, ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი შეხვედრა 24 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება და მასზე სპორტის სასახლის მთლიანი ტევადობის 33%-ს შეეძლება დასწრება. გულშემატკივარს მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ხვალიდან, 18 თებერვლიდან, www.tkt.ge -ზე შეეძლება. მეორე შეხვედრა 3 დღეში, 27 თებერვალს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

GBF.GE

0.115265