ძიუდო

21:15 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლის მედალი თელ ავივის გრანდ სლემზე

თელ ავივის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ფინალში წააგო.

ლიპარტელიანმა (57 კგ) იტალიელი მირიამ ბოი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ თაიანე ლემოსს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ფაიზა მოკდარს ვაზარით მოუგო. ფინალში ეთერი კიდევ ერთ ფრანგ მეტოქეს, პრისცილა გნეტოს შეხვდა, რომელთანაც 3 გაფრთხილების გამო წააგო და საპრიზო მეორე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ მან გასულ წელს თელ ავივში ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი შედეგი გააუმჯობესა.

თელ ავივის გრანდ სლემზე დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ წარუმატებლად, რადგან ყველამ პირველივე შეხვედრა წააგო. ქალთა შორის მარიამ ჯანაშვილი 52 კგ წონითი კატეგორიაში ასპარეზობას კუბელ მელისა მუნიოს ურტადოსთან მარცხით გამოეთიშა.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ყაზახ ბაურჟან ნარბაიევთან განიცადა მარცხი, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში ირალი კუპატაძე უზბეკ მირზოჰიდ მაჰამადიონოვთან იპონით დამარცხდა. 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძემ ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან ვერაფერი გააწყო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

18 თებერვალს 4 ქართველი ძიუდოისტი გავა ტატამიზე - ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე 73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და ლევან გუგავა (ორივე 81 კგ).

0.148253