ფეხბურთი

16:22 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა, მსაჯმა ოთხი ფეხბურთელი გააძევა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება დაასრულა და მონტენეგროს ნაკრებთან ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

ეს გუნდები ერთმანეთს ორი დღის წინაც შეხვდნენ და საქართველომ 1:0 მოიგო, ამჯერად, კი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 2:2. თამაში დაძაბული გამოდგა და საქართველოს ნაკრები 28-ე წუთზე ლაშა გადილიამ დააწინაურა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ზუსტად დაარტყა.

53-ე წუთზე ბალშა მრვალიევიჩმა შეძლო გოლის გატანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 20 წუთის შემდეგ მატიე ბადნიარმა მასპინძლები დააწინაურა. ქართველი ფეხბურთელები არ დანებდნენ და 85-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ ეფექტური გოლი გაიტანა - საჯარიმოს გარედამ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და შეხვედრაც 2:2 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პირველი ტაიმის დასრულებისთანავე ლუკა ლეჩიჩი და ალეკო ბასილაძე გააძევეს, რადგან იჩხუბეს და დაპირისპირებაში სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ. სიტუაციის განსამუხტად მოედანზე სათადარიგო სკამზე მყოფი ადამიანების შესვლაც გახდა საჭირო. მსაჯმა ორი ფეხბურთელი 72-ე წუთზეც გააძევა, ისევ ჩხუბისთვის. ამჯერად ნენად კრივოკაპიჩი და გივი ხაჩიძე, შესაბამისად, გუნდებმა მთელი მეორე ტაიმი 10-10, ბოლო 20 წუთი კი 9-9 ფეხბურთელით ითამაშეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მანამდე მინსკის თასზე იასპარეზა და 5 მატჩიდან 2 მოიგო, სამი კი წააგო. გიორგი ჩიტაურის გუნდი 6 და 8 მარტს, მალტას ამხანაგურად გაეჯიბრება, ხოლო მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ჩეხეთის, შოტლანდიისა და გერმანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მონტენეგრო - საქართველო 2:2 (0:1)

საქართველო: კოპალიანი, ხარჩილავა, გიუნაშვილი, გოგიჩაიშვილი (ალიბეგაშვილი 90), ციკოლია, ლორდქიფანიძე, გადილია (ხაჩიძე 58), ბასილაძე, კარაევი (პარკაძე 58, მაღრაძე 70), რობაქიძე, ცეცხლაძე (ტაბატაძე 46)

გოლები: 0:1 გადილია (28), 1:1 მრვალიევიჩი (53), 2:1 ბადნიარი (74), 2:2 ტაბატაძე (85)

0.124377