შვედეთის ბიათლონის ნაკრებმა, 4x6 კილომეტრზე ესტაფეტაში, ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებულებს 12 წამით ჩამორჩა რუსეთის ოთხეული, ბრინჯაოს მედალს კი გერმანელები დაეუფლნენ.
შვედების ოთხეულში დებმა, ელვირა და ჰანა ოებერგებმა გაიბრწყინეს, რომლებმაც ბოლო ორ წრეზე იასპარეზეს. უფრო გამოცდილმა და ტიტულოვანმა ჰანამ თავის უმცროს დას ესტაფეტა 7.4-წამიანი უპირატესობით გადააბარა. ელვირამ კი კარგადაც ისროლა, მაღალი ტემპიც განავითარა და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა.
„ამაზე უკეთესი პოზიციიდან, რბოლის დაწყებას ვერც ვინატრებდი. ისღა დამრჩენოდა, ყურადღება ჩემ რბოლაზე გადამეტანა, როგორც სპრინტში და სწორედ ასე მოვიქეცი. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩემი გამოსვლით“, - განაცხადა უმცროსმა ოებერგმა, ვისაც პეკინში ამ გამარჯვებამდე, ორი ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული.
რბოლის ბედი მეტწილად სასროლეთზე გადაწყდა. რბოლის ყოველ მონაწილეს, აცდენის შემთხვევისთვის, სამი ტყვია ჰქონდა. ყოველ დაუზიანებელ სამიზნეზე, ჯარიმად 150 მეტრი იყო გასავლელი.
პირველი ეტაპის შემდეგ, გერმანია დაწინაურდა, რომლებსაც ახლოს მისდევდნენ შვედები და იტალიელები. სამივემ კარგად ისროლა. მეორე ეტაპზე, ნორვეგიელებს სროლა არ წაუვიდათ - ტირილ ეკჰოფს ხუთი სამიზნე დაუზიანებელი დარჩა, რამაც მის გუნდს მედლის შანსი პრაქტიკულად დაუკარგა.
მესამე ეტაპიდან, გამარჯვებისთვის შვედები, რუსები და იტალიელები იბრძოდნენ. დებიდან ჯერ საასპარეზოდ 26 წლის ჰანა გავიდა, ვისაც პიონჩანში თითო ოქროს და ვერცხლის მედლები ჰქონდა მოპოვებული, პეკინში კი აქამდე ხელცარიელი იყო.
სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, ელვირა ბოლოს მაინც ანერვიულდა და ბოლო სასროლეთზე, ერთი სამიზნე ხელუხლებელი დარჩა. ამას რუსი ულიანა ნიგმატულინა სწრაფი ტემპიც დაემატა, მაგრამ 22 წლის შვედმა უპირატესობა არ დათმო.