ფეხბურთი

18:00 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: "ბუნდესლიგაში პლეი-ოფი? სასაცილო იდეაა, მხოლოდ "ბაიერნის" ტახტიდან ჩამოგდებაზე ფიქრობენ"

გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) ბუნდესლიგაში პლეი-ოფის სისტემის შემოღება სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარული სეზონის შემდეგ მოწინავე კლუბები (4 ან 6) პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას გერმანიის ჩემპიონობისთვის. იდეის ინიციატორი DFL-ს პრეზიდენტი დონატა ჰოპფენია.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა ული ჰიონესმა, რომელმაც იდეას სასაცილო უწოდა. „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ სისტემის შემოღება მხოლოდ იმიტომ სურთ, რომ მიუნხენური გიგანტის საჩემპიონო დომინაცია დაამხონ.

„ეს მხოლოდ „ბაიერნის“ საჩემპიონო ტახტიდან ჩამოგდების ერთ-ერთი უახლესი მცდელობაა. ეს წინადადება სასაცილოდ მიმაჩნია. ბუნდესლიგაში 34 ტურია, რომლის დროსაც გუნდები ყველანაირ სირთულეებს ებრძვიან და ყველაზე წარმატებული გუნდი ჩემპიონი ხდება. რასაც ახლა გვთავაზობენ, არაფერ შუაშია ჩემპიონატისთვის მეტი დაძაბულობის შეტანასთან. ლიგის ახალი მმართველობა, როგორც ჩანს დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორ დაასრულონ „ბაიერნის“ დომინირება. ახლა კი თავში ახალი „ნათელი“ იდეა მოუვიდათ.

ასეთი რამ არ არსებობს არც ინგლისში, არც საფრანგეთში, არც ესპანეთში და არც იტალიაში. პლეი-ოფი გერმანიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზეა, მაგრამ ეს ფორმატი იქ უფრო მიზანშეწონილია. თუმცა, შიდა ჩემპიონატი უნდა მოიგოს გუნდმა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჯამური მაჩვენებლით არის საუკეთესო არა იმ გუნდმა, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ითამაშა წარმატებით.

გარდა ამისა, როდის უნდა გაიმართოს საპლეი-ოფო ტურნირი? სეზონის ბოლოს განრიგში სხვადასხვა ტურნირების ნახევარფინალები და ფინალებია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ცუდი ხუმრობაა“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ 9-ჯერ გახდა და მიჯრით მე-10 ტიტულისკენაც დამაჯერებლად მიიწევს.

0.118991