ფრანგების, გაბრიელა პაპადაკისის და გიომ ციცერონის წყვილმა, ყინულზე ცეკვებში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, მათ მოპოვებული ქულებით, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების რეკორდებიც დაამყარეს. პაპადაკისმა და ციცერონმა ჯამში 226.98 ქულა მოაგროვეს და გააუმჯობესეს მსოფლიოს ძველი რეკორდი (226.61), რომელიც მათვე 2019 წელს დაამყარეს.
აღსანიშნავია, რომ ფრანგები პიონჩანის ოლიმპიადაზეც ფავორიტები იყვნენ, მაგრამ გარდერობში მომხდარი გაუგებრობის გამო, მათ მოკლე პროგრამაში სასურველი ქულები ვერ მოაგროვეს და საბოლოოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. იქ გამარჯვება კანადელებმა, ტესა ვირტიუმ და სკოტ მოიერმა მოიპოვეს.
ამჯერად კი ყველაფერი კარგად ჩატარდა. პაპადაკისმა და ციცერონმა უშეცდომოდ ჩაატარეს თავისუფალი ცეკვა, რისთვისაც 136.15 ქულა დაიმსახურეს და მაყურებლების გარდა, ოვაციები მეტოქე მოციგურავეებისგანაც დაიმსახურეს.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა თავიანთი პროგრამა, გაბრიელ ფორის ელეგიის აკომპანიმენტით შეასრულეს. 2002 წლის შემდეგ, მათ საფრანგეთს ცეკვებში პირველი ოქრო მოუპოვეს. 20 წლის წინათ, ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგების, მარინა ანისინას და გვენდალ პეიზერას წყვილი გახდა.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები რუსეთიდან, ვიქტორია სინიცინა და ნიკიტა კაცალაპოვი, 220.51 ქულით ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. მათ გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი კი მოიპოვეს, მაგრამ დაჯილდოების ცერემონია, რუსი კამილა ვალიევას დოპინგ სკანდალის გამო, არ გამართულა. ბრინჯაო ამერიკელების, მედისონ ჰუბელის და ზახარი დონოჰიუს წყვილს (218.02 ქულა) ერგო.