ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ჟოვენტუტს“ სტუმრად დაუპირისპირდა და იოლად, 74:58 მოიგო.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო და მასპინძლები ორქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში კანარიელებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს, მესამე პერიოდი 10, ხოლო მეოთხე 8 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
შესანიშნავად ითამაშა შერმადინმა, რომელმაც 26:46 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი, 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, თუმცა, MVP ვერ გახდა, რადგან ეს ჯილდო მის თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ერგო.
ბრაზილიელმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დააგროვა (მარგი ქმედების 29 კოეფიციენტი), დამარცხებულთა შორის კი ანტე ტომიჩი გამოირჩა 23 ქულით და 12 მოხსნით და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც 29 გამოდგა.
„ლენოვო ტენერიფე“ 11 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს, სტუმრად მადრიდის "რეალთან" გამართავს.