სხვა

23:14 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელმა ლინდვიკმა დიდი მთიდან ხტომებში მოიპოვა ოლიმპიური ოქრო

ნორვეგიელმა მარიუს ლინდვიკმა დიდ მთაზე ტრამპლინიდან ხტომაში ასპარეზობისას, შესანიშნავი მეორე ნახტომი შეასრულა, რაშიც 151.3 ქულა დაიმსახურა და გამარჯვება მოიპოვა. მან უკან მოიტოვა იაპონელი რიოიუ კობაიაში და მას ოქროს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა.

კობაიაშიმ წინა უქმეებზე ოქროს მედალი ნორმალური მთიდან ხტომაში მოიპოვა. და ამჯერადაც, პირველი ცდის შემდეგ, 147 ქულით საუკეთესო იყო. პირველ ცდაზე ლინდვიკმა, ვინც იანვარში მსოფლიო თასზე ზედიზედ სამი შეჯიბრი მოიგო, 144.8 ქულა დაიმსახურა, რაც მეორე საუკეთესო შედეგი იყო.

მაგრამ ნორვეგიელმა მეორე ცდაზე ყველა დაჩრდილა ჯამში 296.1 ქულა მოაგროვა და ყველასთვის მიუწვდომელი დარჩა. კობაიაშისაც კარგი მეორე ნახტომი ჰქონდა, მაგრამ ჯამში მხოლოდ 292.8 ქულა დაუგროვდა და ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაო კი მსოფლიო თასის გერმანელმა ლიდერმა, კარლ გაიგერმა მოიპოვა, ვინც პირველი ნახტომის შემდეგ, მხოლოდ მე-10 იყო.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა პოლონელი კამილ სტოხი, ვისაც დიდ მთაზე, წინა ორ ოლიმპიადაზე აქვს ოქრო მოპოვებული.

„ეს ალბათ ჩემი ორი საუკეთესო ნახტომი იყო. წარმოუდგენელია, რომ ორი საუკეთესო ნახტომი მაშინ შევასრულე, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა“, - განაცხადა 23 წლის ლინდვიკმა, ვინც 1964 წლის შემდეგ, ნორვეგიელთაგან პირველმა შეძლო დიდი მთის ოლიმპიური ოქროს მოპოვება.

0.112329