ქართული ფეხბურთის ლეგენდა ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა. „დინამო თბილისის“ ყოფილი მოთამაშე 84 წლის იყო.
დათუნაშვილი 1964 წლის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი გმირია. მან ფინალში, მოსკოვის „ტორპედოსთან“ დუბლი შეასრულა და ისტორიულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
დათუნაშვილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ერთხელ გახდა, ორჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა „დინამო თბილისში“ 1958-1968 წლებში 225 თამაშში 60 გოლი გაიტანა, 1966 წლის სეზონში კი 20 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"მსოფლიო სპორტის" რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ქართულ საფეხბურთო სამყაროს.