ფეხბურთი

21:20 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი: "ადრე პრობლემები მქონდა, შეიძლებოდა სხვა ადამიანი ან საკუთარი თავი მომეკლა"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში თავისი წარსულის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ალკოჰოლზეც იყო დამოკიდებული, ხოლო 2006 წლის მუნდიალზე ტრავმირებული ფეხით თამაშობდა.

„10-15 წლის წინ გასახდელში ვერ შევდიოდი, ალკოჰოლთან პრობლემები მქონდა, მენტალურადაც მიჭირდა, უბრალოდ არ შემეძლო. შეიძლებოდა ვიღაც სხვა ან საკუთარი თავი მომეკლა. მანქანას მთვრალი ვმართავდი, ძალიან მიჭირდა. ვიცოდი, რომ დახმარება მჭირდებოდა, ჩემი და ჩემი ოჯახის გადასარჩენად.

ერთხელ ქუჩაში ბოთლით მივდიოდი და ჩემმა იმდროინდელმა მწვრთნელმა კოლინ ჰერვიმ („ევერტონის“ ახალგაზრდული სექტორის მწვრთნელი) დამინახა. მეორე დღეს გვერდით გამიყვანა და მითხრა: „შენ ყველაზე დიდი ნიჭი გაქვს, რაც კი ოდესმე მინახავს შენს ასაკში, ნუ გაფლანგავ“.

18 წლის ასაკში ვგრძნობდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი და იმ მომენტში ვფიქრობ, რომ ნამდვილად ვიყავი. 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ტრავმა მქონდა, მაგრამ არავისთვის მითქვამს, არც ჩვენი ფიზიოთერაპევტებისთვის. გაძევების შემდეგ გასახდელში რომ შევედი, რამდენიმე ნივთი დავამტვრიე, თავს ისე მარტოსულად ვგრძნობდი, როგორც არასდროს. როდესაც თამაში უჩემოდ მიმდინარეობდა, ვფიქრობდი: „თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ, ნახევარფინალს გამოვტოვებ და შესაძლოა, ფინალსაც, მაგრამ თუ ახლა გავვარდებით, ეს ჩემი ბრალი იქნება“, - თქვა რუნიმ BBC-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი „მანჩესტერში“ 2004-2017 წლებში თამაშობდა, მან ასევე დაიცვა „ევერტონის“ (2002-2004, 2017-2018), „დი სი იუნაიტედის“ (2018-2020) და „დერბი ქაუნთის“ ღირსება (2020-2021). ამჟამად ინგლისელი სწორედ „დერბის“ მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112844